Skip to Content

აღმოაჩინეთ ლაშხეთის თემის მემკვიდრეობა

ლაშხეთის თემი ლეგენდებისა და სვანური მემკვიდრეობის სამშობლოა. ქვემო სვანეთის ზედა ნაწილში, ზემო სვანეთისკენ მიმავალ გზაზე მდებარე ლაშხეთი სტუმრებს რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის სიუხვეს და დიდი კავკასიონის პანორამულ ხედებს სთავაზობს. ლაშხეთის თემში ყველა ტიპის ვიზიტორს შეეძლება აღმოაჩინოს ის, რაც მოსწონს, ინტერესებისა და ჯგუფის შემადგენლობის მიუხედავად.


კურორტი მუაში

მუაშის ბალნეოკლიმატური კურორტი ლაშხეთის თემში, სოფელ სასაშის მახლობლად, ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. კურორტი გამოირჩევა ულამაზესი მდელოებით, ტყეებითა და მთის ხედებით, ხოლო ტერიტორიაზე სამკურნალო მინერალური წყლები მოედინება. კურორტამდე მისასვლელი გზა საკმაოდ მარტივია და მასზე მოხვედრა როგორც ფეხით, ასევე მანქანითაა შესაძლებელი.

კურორტი მუაშის მდებარეობა ნახეთ აქ.


​სასაშის მთავარანგელოზის ეკლესია


სასაშის მთავარანგელოზის ეკლესია მდებარეობს სოფელ სასაშის მახლობლად, ტყეში, სოფლიდან სამი კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1250 მეტრის სიმაღლეზე. ეკლესია X-XII საუკუნეების ძეგლია. შენობას დაკარგული აქვს პირვანდელი იერსახე, თუმცა ტაძრის კედლებზე დღემდეა შემორჩენილი ეკლესიის მხატვრობის კვალი. ეკლესიამდე საფეხმავლო ბილიკი მიგიყვანთ, რომელიც სოფელ სასაშის ფარის უბანში იწყება.

მდებარეობა ნახეთ აქ

​ცხეთაშის კომპლექსი


ცხეთაშის კომპლექსი მდებარეობს სოფელ ლეკოსანდის ცხეთაშის უბანში. იგი მოიცავს ორ მიმდებარე დარბაზს და კოშკს. კომპლექსთან მოხვედრა შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე მანქანით.

კომპლექსის მდებარეობა ნახეთ აქ

                                       ჩუკულის მთავარანგელოზის ეკლესია


ჩუკულის მთავარანგელოზის ეკლესია მდებარეობს სოფელ ჩუკულში, ზღვის დონიდან 1400 მეტრის სიმაღლეზე. ეკლესია X-XI საუკუნეების ძეგლია და მთლიანად მოხატულია. ეკლესიამდე მისვლა შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე მანქანით.

ეკლესიის მდებარეობა ნახეთ აქ.

​სოფელი მახაში



მახაში ქვემო სვანეთის ისტორიული სოფელია, რომელიც ლენტეხიდან 42 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1480 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელს აქვს ტიპური სვანური ტრადიციული არქიტექტურა და შეგიძლიათ ნახოთ ძველი სვანური სახლები მაჩუბის სახურავით, ასევე ცნობილი როგორც „ლუშნუ ქოორ“. აღმოსავლეთით, სოფლიდან ცოტა მოშორებით, მდებარეობს მახაშის მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც ასევე შუა საუკუნეების ისტორიული ძეგლია. სოფლამდე შეგიძლიათ მიხვიდეთ ფეხით ან ყველგანმავალი მანქანით.

მახაშის მდებარეობა ნახეთ აქ.


ზესხოს ხეობა

ზესხოს ხეობა ლაშხეთის თემში, ლენტეხიდან 62 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. აქ ნახავთ ულამაზეს მინდვრებს, მთებს და მწვერვალების საოცარ ხედებს. ასევე შეგიძლიათ დაგეგმოთ საინტერესო და სათავგადასავლო საფეხმავლო მარშრუტები. ზესხოს ხეობა ლენტეხი-უშგული-მესტიის დამაკავშირებელი გზიდან 3 კილომეტრში მდებარეობს, სადაც ფეხით ან მაღალი გამავლობის ავტომობილით შეგიძლიათ მოხვდეთ.

მდებარეობა ნახეთ აქ.

აილამა

 

ადგილი აილამა მდებარეობს აილამას მწვერვალის სამხრეთ კალთის ძირში, დაბა ლენტეხიდან 59 კილომეტრში, ლენტეხი-უშგული-მესტიის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ. ეს იდეალური ადგილია კემპინგისთვის, საიდანაც შეგიძლიათ დაგეგმოთ საინტერესო საფეხმავლო და ველოსიპედის მარშრუტები, დატკბეთ ულამაზესი ბუნებით და კავკასიონის მწვერვალების თვალწარმტაცი ხედებით. ადგილ აილამამდე მისვლა შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე მანქანით.

აილამას მდებარეობა შეგიძლიათ ნახოთ აქ.


სოფელი მელე

სოფელი მელე ლაშხეთის თემში, ზღვის დონიდან 1320 მეტრის სიმაღლეზე, ლენტეხიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. აქ შეგიძლიათ გვიან შუა საუკუნეებში აშენებული სვანური კოშკი, ასევე ძველი სვანური დასახლების „ლუშნუ ქოორ“ ნანგრევები მოინახულოთ. სოფელში გადის ლენტეხი-უშგული-მესტიის დამაკავშირებელი გზა და ადგილზე მისვლა შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე მანქანით.

სოფელი მელეს მდებარეობა შეგიძლიათ ნახოთ აქ.