აღმოაჩინეთ ჩოლურის თემი
სოფლები დურაში, საყდარი, შტვილი, ბულეში, ჭველიერი, მუწდი, მამი, ლეუშერი, თეკალი, ფანაგა, ჭველფი და ტვიბი

ქვემო სვანეთი ცნობილია თავისი სილამაზით, უძველესი ტრადიციებითა და გამორჩეული არქიტექტურული მემკვიდრეობით, ხოლო ჩოლურის თემი რეგიონის უნიკალური ხასიათის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. ჩოლური მდებარეობს ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში და მოიცავს 12 სოფელს: დურაში, საყდარი, შტვილი, ბულეში, ჭველიერი, თეკალი, მუწდი, მამი, ლეუშერი, ფანაგა, ჭველფი, ტვიბი.
თემი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობით, ისტორიული კოშკებითა და ტაძრებით, რომელთა უმეტესობა შუა საუკუნეებშია აშენებული.
საყდრის წმინდა გიორგის ეკლესია
საყდრის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდარში. ეკლესია ბაზილიკურია და მე-12-13 საუკუნეებით თარიღდება.
მის ასაგებად გამოყენებულია შირიმის ქვა, იატაკი მოპირკეთებულია ბაზალტის ფილებით. ეკლესია მთლიანად მოხატულია. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრება (ვრცელი რედაქცია), აფსიდში - მსხვერპლის თაყვანისცემა, კამარის სამხრეთის ფერდზე - შობა, მირქმა,
ჩრდილოეთის ფერდზე - ხარება, ნათლისღება, სამხრეთის კედელზე -
პირველ რეგისტრზე: ლაზარეს აღდგინება, ამაღლება, მეორე რეგისტრზე: წმ. ბარბარე და წმ. მარინე, წმ. თევდორე, ამაღლების კომპოზიციის ნაწილი. მესამე რეგისტრზე: წმ. მეომრის ორ-ორი ნახევარფიგურა, წმ. მარიამ მეგვიპტელი (დასავლეთის თაღი). ჩრდილოეთ კედელზე - პირველ რეგისტრზე: იერუსალიმში დიდებით შესვლა, მენელსაცხებლე დედები უფლის საფლავთან, მეორე რეგისტრზე; ლასია ქალაქის სასწაული, წმ. გიორგი აღმოსავლეთის თაღში, მესამე რეგისტრზე საქტიტორო გამოსახულებებია; დასავლეთის კედელზე - პირველ რეგისტრზე სულიწმიდის მოფენა, მეორე რეგისტრზე - ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა და ჯვარცმა, მესამე რეგისტრზე, კარის აქეთ-იქით ქტიტორები.
გადმოცემით, სოფელ საყდრის ეკლესია გვიდიანების გვარს აუშენებია. მშენებლობის დროს ეკლესია ორჯერ დარღვეულა. მესამე მშენებლობის დროს კალატოზს ბავშვისთვის ქუდი მოუხდია და საძირკველში ჩაუგდია. მერე უთქვამს, - ჩადი და ამოიტანეო. როცა ბავშვი საძირკვლის ჭრილში ჩამხტარა, თავზე ქვები დაუწყვიათ და კედელი ამოუყვანიათ.
ეკლესიის მშენებლისთვის მარჯვენა ხელი მოუკვეთიათ საძირკველში ბავშვის ჩაყოლებისთვის. იმავე გადმოცემით, ამ კალატოზს მარცხენა ხელით თეკალის ეკლესია აუგია.
სვანური კოშკები და მაჩუბები
ტვიბის მთავარანგელოზის ეკლესია
ტაძარი მდებარეობს სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის
სოფელ ტვიბში. დარბაზული, მცირე ზომის ეკლესია სოფლიდან 900-1000 მ-ზე, ტყიან მთაზე დგას. თარიღდება X-XI საუკუნეებით. ტაძარი აგებულია შირიმის ქვით, კედლები გადმობურცულია, კამარა ჩამონგრეული, რის გამოც გარედან ხის მჭიდებით შეუკრავთ, კედლებზე დაყრდნობილ კონსტრუქციაზე კი თუნუქის გადახურვა მოუწყვიათ.
ეკლესიის როგორც ინტერიერი, ასევე ფასადები მთლიანად მოხატული იყო. ჩრდილოეთ ფასადზე შემორჩენილია დიდი გველის მკრთალი გამოსახულება. საკურთხევლის ნავში გამოსახულია გაშლილი ლოცვა, აფსიდში მეტ-ნაკლებად მკაფიოდ ჩანს წმინდა მღვდელმთავრის ორი ფიგურა (შუა და სამხრეთ მხარეს). თაღის ჩრდილოეთ ფერდობზე აღმოსავლეთით ხარების, დასავლეთით ნათლისღების და აღმოსავლეთით შობის ფრაგმენტებია შემორჩენილი სამხრეთ ფერდობზე. ჩრდილოეთ კედელზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, გამოსახულია ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი და ქტიტორები, სამხრეთ კედელზე ცხენზე ამხედრებული წმინდა თეოდორე და წმინდა დედები. დასავლეთ კედელზე, პირველ რეგისტრში - ლაზარეს აღდგინება, მეორე რეგისტრში, შუაში მთავარანგელოზის ნახევარსიმაღლის ფიგურა და აქა-იქ რამდენიმე ქტიტორი. ის გარკვეულწილად ახლოსაა ზემო სვანეთში XIII საუკუნის არქაულ მხატვრობასთან. აფსიდის ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებზე გვიანდელი გადაწერის კვალია. მხატვრობის კვალი ასევე შეინიშნება დასავლეთ და სამხრეთ ფასადებზე. მხატვრობა საკმაოდ ფრაგმენტულია, ბევრ ადგილას თაბაშირი ჩამოცვენილია ან ჩარჩო ჩამოვარდნილია.